ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახლი არ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე და კედლები, ოთახები, დეკორი... როდესაც მის ფილოსოფიურ განმარტებაზე ვფიქრობთ, ყოველთვის ვახსენებთ სახლს, რომელიც გამოხატავს თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროს, ცხოვრების სტილს, ხასიათს, საქმიანობას, მაგრამ თითქმის არასდროს ვახსენებთ იმ ემოციებს, რასაც სახლი, თავად გვკარნახობს.

სახლი არის ადგილი, სადაც ნებისმიერი მხიარული, საინტერესო, ამაღელვებელი თავგადასავლისა, თუ დატვირთული, დამღლელი, მოწყენილი, ან უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი დღის შემდეგ ბოლოს ვბრუნდებით.




ამ დროს კი, ნებისმიერი ადამიანისთვის სახლს მოაქვს სხვადასხვა ემოცია, ზოგისთვის ეს კომფორტია, რომელიც სივრცეში ფეხის შედგმისთანავე ეუფლება, ზოგისთვის სიმშვიდე, ვიღაცისთვის მოტივაცია, ბედნიერება, სიამაყე და ასე უსასრულოდ იმდენი ემოცია, რამდენიც შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს.

 

ბუნებრივია, ამ პროცესის საწყისი, ბინის საერთო ფართის ოპტიმალური დაგეგმარებაა. ტენდენციები დროსთან ერთად იცვლება, გამონაკლისი არც უძრავი ქონებაა. წლების წინ თუ მოთხოვნა შედარებით პატარა ფართებზე იყო, სადაც 2 და მეტი საძინებლის მოწყობა შეიძლებოდა, ახლა პირიქით, მოთხოვნა გაზრდილია დიდ სივრცეებზე. აღნიშნული ეხება, როგორც შიდა ფართს, ასევე საზაფხულო ფართებს- აივანს, ტერასას და ა.შ უფრო მეტიც, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ინტერიერის დიზაინის მომსახურებაზე. პროფესიონალი გუნდის დახმარებით შესაძლებელია ერთი შეხედვით უმნიშვნელო სივრცისთვის ფუნქციური დატვირთვის მინიჭება.

 

იმისთვის, რომ სახლთან ემოციური კავშირი გაჩნდეს, უმნიშვნელოვანესია მისი სწორად დაგეგმარება, სივრცეებისთვის მაქსიმალურად ფუნქციური დატვირთვის მინიჭება, ფერთა შეხამება, განათება და ა.შ  ამ დროს გარდა იმისა, რომ არსებობს წესები არქიტექტურაშიც და ინტერიერის დიზაინშიც, აუცილებლად გასათვალისწინებელია მომავალი მობინადრეს სურვილი, გემოვნება, ცხოვრების სტილი... მისი მოთხოვნების მიხედვით შექმნილი დიზაინი აყალიბებს სწორედ იმ ემოციას, რაც საბოლოოდ სახლთან დაკავშირებით ჩნდება.

მაგალითად, თუ მობინადრე აპირებს რომ დიდი დრო ძირითადად სახლში გაატაროს საიდანაც იმუშავებს კიდეც, მას აუცილებლად დაჭირდება ცალკე მყუდრო კუთხე, რომელიც მას იდეებითა და შთაგონებით აავსებს.




დიასახლისებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომფორტი, ამ დროს ძირითადი დატვირთვა მისაღებ ოთახზე მოდის ხოლმე, შესაბამისად მნიშვნელოვანია ის კომფორტული, ნათელი და ჰარმონიული იყოს დასასვენებლად, სტუმრების მისაღებად, დღის ნებისმიერი მონაკვეთის სასიამოვნოდ და კომფორტულად გასატარებლად.

 


საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა საზაფხულო სივრცის ისევე სრულყოფილად მოწყობას, როგორც შიდა ფართების შემთხვევაში ხდება, იგულისხმება ავეჯი, დეკორი, განათება და სხვა დეტალები, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის და სარელაქსაციო სივრცის დანიშნულებას მიანიჭებს.

 

თანამედროვე ურბანულ ქაოსში, სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ადამიანებს სჭირდებათ მეტი სიახლოვე ბუნებასთან, საოცრად დინამიურ ბიზნეს სამყაროში ხანდახან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენელება და გონების მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა, ამაში ყველაზე უკეთ გარემოსთან კავშირი გვეხმარება, შესაბამისად, ბინის არჩევისას უკვე საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა საზაფხულო სივრცეებს და შიდა ფართებთან შედარებით არანაკლები რესურსი იდება მათ მოწყობაში.


 

საერთო ჯამში, თითოეული სივრცე ცალ-ცალკე და ერთობლიობაში არის ემოცია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს საკუთარ ბინასთან. შესაბამისად, წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ რა ემოცია, თუ ემოციები გვინდა ჩვენს სახლთან ასოცირდებოდეს და ამის მიხედვით დავგეგმოთ მასში ყველაფერი. დღესდღეობით დეველოპერების შემოთავაზებული მრავალფუნქციური პროექტები სწორედ ამ მიზანს ემსახურება,  მომავალ მობინადრეებს შესთავაზოს პირობები, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის ნებისმიერ მოთხოვნას და ერთ სივრცეში სთავაზობს მათ კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის  საჭირო ყველატიპის ინფრასტრუქტურას.

Random news